ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი, 5-6 ივნისი, 2010 წელი

2010 წლის 5-6 ივნისს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა უკვე მეორე სათავგადასავლო ტურნირი საქართველოში. ტურნირი რეგიონის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მიეძღვნა. მონაწილე ჯგუფები ერთმანეთს ეჯობრებოდნენ 3 დისციპლინაში: სირბილი, მთის ველორბოლა და ჯომარდობა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.
ინიციატივა საქართველოში სათავგადასავლო ტურნირის ჩატარების თაობაზე ეკუთვნის საქართველოს ტურიზმის ასოციაციას. წლევანდელი ტურნირის სპონსორები იყვნენ: საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, კულტურულ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, სპორტული მაღაზია ”მაგელანი” და კომპანია ”ნატახტარი”. ტურნირზე ბევრი მედია-კომპანია იყო წარმოდენილი როგორც მაყურებლის, ასევე მონაწილის რანგში.
თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისაგან. ტურნირის მონაწილე 16 გუნდი დაიყო 4 ჯგუფად და, შესაბამისად, ტურნირის განმავლობაში მოეწყო 4 სტარტი: 10:00 საათზე, 12:00 საათზე, 14:00 საათსა და 16:00 საათზე.
თითოეული დისციპლინისათვის შემდეგი დისტანცია იყო განკუთვნილი: სირბილი - 6კმ, მთის ველორბოლა - 12 კმ და ჯომარდობა - 3 კმ. 6 მონაწილიდან 3 იწყებდა სირბილისათვის განკუთვნილი მონაკვეთის დაფარვას, შემდეგი 3 აგრძელებდა მთის ველორბოლით და ბოლოს 6-ვე მონაწილე ერთად ჯდებოდა საჯომარდო ნავში.
თითოეული დისციპლინის სტარტს აკონტროლებდნენ მსაჯები და ტექნიკური ჯგუფი. მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანებიც. დროის აღრიცხვა ხდებოდა მთავარი მსაჯის მიერ. საუკეთესო ჯგუფი სწორედ საუკეთესო დროის მაჩვენებლის მიხედვით გამოვლინდა.
პირველი ადგილი მიენიჭა ადგილობრივ ასპინძის გუნდს, მეორე ადგილი დაიკავა კომპანიამ Geoland, მესამე ადგილი კი - კომპანიების მოგზაური+სა და ჯომარდის ერთობლივმა გუნდმა. პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდა 3 000 ლარიანი კუპონით სპორტულ მაღაზია ”მაგელანში”, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები კი, შესაბამისად, 2 000 და 1 000 ლარიანი კუპონებით.
ტურნირი გაიმართა 5 ივნისს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია მოეწყო მეორე დღეს. ცერემონიის შემდეგ მონაწილე გუნდებმა ბედი სცადეს მკლავჭიდსა და ლუდჭიდში. ამ სახალისო შეჯიბრებებმა კიდევ უფრო მეტი საზეიმო ელფერი შესძინა ღონისძიებას.
ორგანიზატორები და მონაწილეები მდ. მტკვარის პირას მოწყობილ კარვებში დაბინავდნენ. საღამოობით ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ მიღებულ შთაბეჭდილებებს, აზრებსა და იდეებს. უნდა ითქვას, რომ დიდი იყო მოლოდინი ტურნირის წინ, ხოლო ტურნირის შემდეგ მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც კმაყოფილები დარჩნენ. მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ მომავალი სათავგადასავლო ტურნირისთვის უფრო მეტი ფიზიკური მომზადება დასჭირდებოდათ, გამსაკუთრებით სირბილსა და მთის ველორბოლაში.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წყალობით, ვარძიის სათავგადასავლო ტურნირს უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს და, შარშანდელიდან მოყოლებული, ყოველ წელს გაიმართება.
ინსტრუქტორები
გამოკითხვა
გიჯომარდიათ თუ არა როდესმე?
მთავარი მენიუ
ჯომარდის სიახლეები

2010 წლის 5-6 ივნისს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდება...

სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” მონაწილეობდა კავკასიი...


















